მეორე მსოფლიო ომში დაკარგულთა ახალი მონაცემები

0
795
loading...

მეორე მსოფლიო ომში დაკარგულთა ახალი მონაცემები

თვე არ გავა, მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისიამ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ერთდროულად რამდენიმე ქართველის ნეშტის ან პირადი მონაცემების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვოს და მოგვაწოდოს. მათი დახმარებით, უამრავი ქართველის საძმო საფლავის შესახებ გახდა ცნობილი.

ქერჩის კომისიის ხელმძღვანელის ნატალია ძიუბას ცნობით, ლენინგრადის ოლქის წარმომადგენელმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ფინეთში აუქციონზე მეორე მსოფლიო ომში მონაწილე უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების დოკუმენტები შეიძინა, რომელიც გადმოცემის თანახმად, ფინელი ჯარისკაცების მიერ ბრძოლის ველის ალაფად იყო წამოღებული…

მათ შორის აღმოჩნდა ერთ-ერთი ქართველი, რომელიც ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა: 1919 წელს დაბადებული სერგეი იასონის ძე ხალვაში, საქართველო (სსრ) ბორჩალოს რაიონი, შემდგომი მისამართი, – ბორჯომი, კომუნარების ქუჩა #23; კომკავშირის ბილეთი აღებული აქვს ბორჯომის რაიონში. დაიღუპა 1941 წლის 1 ნოემბერს. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვებულია წითელი ვარსკვლავის ორდენით.

კომისიის წევრების თქმით, სერგეი ხალვაშის საბუთებთან ერთად უნდა ყოფილიყო ოჯახიდან გამოგზავნილი, სავარაუდოდ, ბოლო წერილი, ქალის – დედის, მეუღლის ან შესაძლოა, დის ფოტო, რომლის შესახებაც საბუთების ჩამონათვალში იყო მითითებული, თუმცა ჯერჯერობით მისი პოვნა ვერ მოხერხდა.

ქერჩის კომისიას სურს, ხალვაშის ოჯახს მეომრის საბუთები გადასცეს, თუ ფლობთ ინფორმაციას მისი შთამომავლების შესახებ, გთხოვთ შეგვატყობინოთ რედაქციაში.

ასევე ნაპოვნია იოსებ ივანეს ძე ნათელაშვილი, დაბადებული 1922 წელს, დუშეთის რაიონიდან. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 25 აგვისტოს, დაიღუპა იმავე წლის 6 სექტემბერს.

საძიებო კომისიამ აღმოაჩინა სამი ერთი და იმავე სახელისა და გვარის მქონე ადამიანის მონაცემები… თუმცა, შესაძლოა, სახელი და გვარი, ასევე წარმოშობის ადგილები და თარიღები, თავის დროზე, არასწორად იყო ჩაწერილი.

ვახტანგ გიორგის ძე როსტიაშვილი – დაბადებული 1919 წელს დუშეთის რაიონის სოფელ ანანურში, დედა ვარვარა ქიტოს ასული, უგზო-უკვლოდ დაიკარგა 1940 წლის 6 აგვისტოს.

ვახტან როსტიაშვილი (როსტომაშვილი ან როსტობაშვილი) – დაბადებული 1912 წელს, დაიღუპა უკრაინაში, სუმის ოლქში, ქალაქი კონოტოპი.

ვახტანგ როსტიაშვილი გიორგის ძე – დაბადებული 1916 წელს, მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში, დედა ელიზავეტა გიორგის ასული. დაიღუპა 1942 წლის 23 მარტს, უკრაინაში, სტალინის ოლქში, სლავიანსკის რაიონში რიბხოზში, სოფელი გლუბოკაია მაკატიხა.

Facebook Comments