სტატია წარმართობაზე – გაიგეთ უფრო მეტიუ

0
617
loading...

center]სტატია წარმართობაზე - გაიგეთ უფრო მეტიუ[/center]

სტატია წარმართობაზე,დაინტერესების შემთხვევაში გაგრძელდება

წარმართობაზე დღევანდელ საქართველოში მხოლოდ პირობითად შეიძლება საუბარი (ამიტომაც ამ სიტყვას ბრჭყალებში ვსვამთ სათაურში). ქვეყანაში, რომელმაც ქრისტიანობის თხუთმეტი საუკუნე გამოიარა, ძნელი იქნება რაიმე კვალის დადასტურება ისტორიული წარმართობისა, რომელიც წინ უძღოდა ქრისტიანობის შემოსვლას და რამდენიმე ხანს ამის შემდგომაც გრძელდებოდა ინერციით.

რა თქმა უნდა, ქრისტიანობის დამკვიდრება არ მომხდარა „მყისიერი“ აქტით, კერპების ნგრევის „მეორე დღესვე“, ეს იყო პროცესი, რომელიც გრძელდებოდა საუკუნეთა განმავლობაში და, გარკვეული აზრით, დღესაც არ დასრულებულა ადამიანთა ცნობიერებაში.

როდესაც წარმართობის პრობლემას ეხებიან, ძირითად რეგიონებად მხედველობაში აქვთ საქართველოს მთა, როგორც აღმოსავლეთი, ისე დასავლეთი რეგიონები. დასავლეთში არის სვანეთი, ხოლო აღმოსავლეთში – ფშავხევსურეთი, გუდამაყარმთიულეთი და თუშეთი თავისი ადგილობრივი რელიგიური ტრადიციებით. ამ ორ სფეროს შორის იმდენად დიდია განსხვავება, რომ ძნელი ხდება საუბარი საერთოქართულ (თუ – ქართველურ) წარმართულ სისტემაზე; აპრიორულად კი მიჩნეულია, რომ დასავლეთის და აღმოსავლეთის მთა ძირძველ რელიგიურ წარმოდგენებს და რიტუალებს ინახავს. მთის მოსახლეობის ყოფის, მისი ცნობიერების კონსერვატიულობა აქსიომად არის მიჩნეული. ისმის კანონზომიერი კითხვა: რა წარმომავლობის არის ის რელიგია, რწმენა-წარმოდგენები თუ რიტუალები და წეს-ჩვეულებები, რომელთაც ორივე მთიანეთი, ცალკე დასავლეთი და ცალკე აღმოსავლეთი, აღიარებს რწმენასა და პრაქტიკაში?

ორიოდე სიტყვა წარმართობის შესახებ. პირველ ყოვლისა, წარმართობა აბსოლუტურად უპირისპირდება მონოთეისტურ რელიგიებს. წარმართობა პრინციპულად მრავალღმერთიანობაა. ქრისტიანული თვალსაზრისით, ეს მრავალღმერთიანობა მეორეული წარმოშობისაა. სამოთხეში მყოფი ადამი, ბუნებრივად, მონოთეისტი იყო, სხვა ღმერთი მისთვის, გარდა მისი გამჩენისა, არ არსებობდა. სამოთხიდან განდევნის შემდეგ ადამმა და მის კვალზე მისმა მოდგმამ დაკარგეს ერთი ღმერთის რწმენა, ღმერთი დანაწილდა ბუნებაში, ბუნების მოვლენებში, თუმცა ერთი ღმერთის წარმოდგენა სავსებით არ გამქრალა. ქრისტიანობის თვალსაზრისით, კაცობრიობის ისტორია ადამის განდევნიდან ძველი აღთქმის მონოთეიზმამდე ერთი ჭეშმარიტი ღმერთის ძიების პროცესია.

მრავალღმერთიანობის გარდა წარმართობისთვის დამახასიათებელია ქალღმერთის კულტი, რომელსაც ხანგრძლივი წარსული აქვს, მისი ფესვები უხსოვარ დროში იკარგება. არც ერთი წარმართული რელიგიური სისტემა მის გარეშე არ არსებულა. ამას უამრავი არქეოლოგიური ძეგლი მოწმობს, მათ შორის, ქალისა და მამაკაცის ფიგურები მკვეთრად გამოხატული გენიტალიებით მიუთითებს ნაყოფიერების კულტის წამყვან ადგილზე ძველ რელიგიებში, რამაც დიდხანს გასტანა და აქაიქ დღესაც შეიძლება დადასტურდეს. ჩვენში ლაპარაკობენ ფალოსის კულტის არსებობაზე იმ გამოსახულებების საფუძველზე, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეშია შემორჩენილი. ერთი ასეთი ქვათახევის მონასტრის ტერიტორიაზე მოიპოვება. უშვილო დედაკაცები მიდიან იმ ქვასთან შესაწირავითა და აღთქმებით შვილიერების გამოსათხოვად. ეს უძველესი რელიგიური პრაქტიკა, როგორც ჩანს, მშვიდობიანად თანაარსებობს ქრისტიანული რელიგიის წმიდა ადგილზე. ფალოსის ქანდაკთან მიახლებულ უშვილო ქალს არაფერი უშლის ხელს ილოცოს ამავე თხოვნავედრებით ღვთისმშობლის მიმართ. მართალი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ეს რელიგიური სინკრეტიზმი ჯერ რელიგიური ცნობიერების ფაქტია, მერეღა – რიტუალური.

და მაინც, რელიგიურისტორიული აზრი იქითკენ იხრება, რომ ამგვარი მოვლენები ხალხის საკულტო ყოფაში მეორეულ ფაქტებად ჩაითვალოს და არა ყოველთვის ძველი ისტორიული წარმართობის გადმონაშთად (თუ დღესდღეობით ნიადაგგამოცლილ გადმონაშთების თეორიას საერთოდ ვირწმუნებთ). მრავალი ფაქტი ხალხური რელიგიისა მოწმობს, რომ ქრისტიანობას ყველა ეტაპზე თან ახლავს პაგანიზაციის („გაწარმართების“) განუწყვეტელი პროცესი. პაგანიზმი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან პაგუს – „სოფელი“, პაგანუს – „სოფლური“. ამრიგად, პაგანიზმი სოფლური რელიგიაა, რომელსაც მისდევს სოფლის ხალხი. სოფლური რელიგია დაუპირისპირდა ქალაქის ქრისტიანობას და ეს ტერმინიც ამ რეალობას ასახავს.
ძნელია ქართულ სინამდვილეში პაგანიზმზე, როგორც რელიგიურ სისტემაზე ლაპარაკი. როგორი სახე ჰქონდა მას საქართველოში, უცნობია. ერთადერთი საისტორიო წყარო, საიდანაც ჩვენ გვაქვს ერთგვარი, თუმცა მწირი, წარმოდგენა წარმართულ პანთეონზე, ქართლის მოქცევის ამსახველი ტექსტია, სადაც არმაზი, გაცი და გაიმი, ზადენი, აინინა და დაინინა (თუ ინინა) მიჩნეული არიან ქართლის მფარველებად, ნაყოფიერებისა და კეთილდღეობის გარანტებად. მათი კერპები მცხეთაში, მტკვარგაღმა, მაღალ მთაზე მდგარან და როგორც მცველები გადმოჰყურებდნენ ქალაქს. ხალხური გადმოცემები მათ შესახებ დუმან; არ ჩანს, რომ ისინი ისტორიის თვალსაწიერში კულტის ობიექტები ყოფილიყვნენ. მხოლოდ აქაიქ მიკროტოპონიმებად შემორჩა მათი სახელები: არმაზი (მცხეთაში და სამცხეში), ზადენი – ადგილის სახელში ზედაზენი (ანუ ზედა ზადენი).
საქართველოში დღესდღეობით აქტუალურად პაგანიზმის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტული, არასისტემური გამოვლინებები შეიძლება დავადასტუროთ. პაგანიზმის გამოვლენაა, მაგალითად, ის, რომ ქსნის ხეობის ერთ სოფელში წმ. გიორგი მამრია, მეორეში – მდედრი და დღეობაზე მათი დროშებიც მათი სქესისდა მიხედვით დაეწყობოდნენ. პაგანიზებულია სოფ. ალმატის წმ. ბარბარესა და ნეკრესის წმ. გიორგის სასიყვარულო ურთიერთობა, რომელსაც რიტუალური გამოხატულებაც ჰქონდა (კახეთი). პაგანიზმის გამოვლენაა საქართველოს ბევრ კუთხეში გავრცელებული ჩვეულება საღმრთოს (საღვთო, სახვთო) სახელწოდებით, როდესაც ცალკეული ადამიანი, ოჯახი ან მთელი საგვარეულო, ზოგჯერ სოფელიც, კი შეუთქვამს ამა თუ იმ ქრისტიანულ წმიდანს საკლავს, ხარი იქნება თუ ცხვარი, ან მამალი, რომელთაც შეწირვამდე ეკლესიის გარშემო შემოატარებენ. სამაგიეროდ წმიდანისგან პრინციპით „do ut des“ სამაგიეროს მოელიან. ეს ყოფითი ფრაგმენტი წმინდაწყლის პაგანიზმია, მაგრამ სოფლის ცნობიერებაში იგი სავსებით უთავსდება ქრისტიანობას, რამდენადაც სისხლიანი მსხვერპლის შეწირვის რიტუალი, რომელიც ქრისტიანულმა ეკლესიამ გააუქმა, ეკლესიის გალავანში ხდება. თუმცა ბოლომდე ვერ გამოვრიცხავთ ქრისტიანულ მომენტს ამ ჩვეულებიდან: მსხვერპლი არ იწირება ცოდვის გამოსასყიდად, ანუ მას სოტერიოლოგიური ფუნქცია არ აკისრია, არამედ სამადლობელია, რომელიც წინასწარ ან პოსტ ფაქტუმ შეიწირება. ქრისტიანობამ გააუქმა სისხლიანი მსხვერპლი, როგორც რიტუალი, მაგრამ პირუტყვის დაკვლას ლეგიტიმაცია დაუწესა. დღემდე ძალაშია და ეკლესიას მარაგად აქვს, თუმცა პრაქტიკულად ნაკლებად გამოიყენება, კურთხევანის ტექსტები, რომელთაც მღვდელი წარმოთქვამს პირუტყვის დაკვლისას (ტექსტი იხსენებს ძველაღთქმისეულ არქეტიპულ მსხვერპლშეწირვებს აბელისას, აბრაამისას და სხვათა). მიზანი ცხადია: საკლავი რომ კანონიერი იყოს, იგი კურთხეული უნდა იყოს (მკაცრი ქრისტიანული აზრით, სხვაგვარად დაკლული პირუტყვის ხორცი არც იჭმევა). დღესასწაულებზე ეკლესიის გალავანში დაკლულ საქონელს ახლავს გარკვეული ლეგიტიმურობა, თუმცა დამკვლელი, ჩვეულებრივ, საერო პირია (ზოგიერ კუთხეში ამ ფუნქციას ოჯახის ან გვარის უხუცესი წევრი ასრულებს, ზოგან უფლებამოსილი, საკულტო სტატუსის მქონე პირი, რომელიც სხვადასხვა სახელწოდებით არის ცნობილი).

შეიძლებოდა კიდევ სხვა ტიპის რიტუალური ქმედებები მოგვეყვანა იმის საილუსტრაციოდ, რომ პაგანისტური ელემენტები შეჭრილია ჩვენი სოფლის რელიგიურ-საზოგადოებრივ ყოფაში და, შეიძლება ითქვას, ბევრგან მისი განუყოფელი ნაწილია.

თუ ჩვენ არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ პაგანიზებულ ქრისტიანობაზე მთელი საქართველოს მასშტაბით, არის რეგიონი, რომლის მიმართაც ეს ხერხდება. ეს არის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საზოგადოებები ხევსურეთში, ფშავში, მთიულეთ-გუდამაყარში, ხევში, თუშეთში, სადაც პაგანიზებული ქრისტიანობა სისტემის სახით დასტურდება და დღემდე ძალაშია. ამაში ყველას შეუძლია ადვილად დარწმუნდეს, ორიოდე დღეს თუ მაინც გაატარებს ამ კუთხის რელიგიურ დღესასწაულზე. სისტემა ამ ერთ, ცალკე აღებულ დღესასწაულზეც საცნაური იქნება.

ტრადიციულად (დღეს მეტნაკლებად) აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მოსახლეობა ცალკეულ საყმოებად წოდებულ თემებშია გაერთიანებული. ესენი რელიგიურ-საზოგადოებრივი გაერთიანებებია. საყმო ნიშნავს ერთი ბატონის გარშემო შემოკრებილ ადამიანთა ჯგუფს ყოველნაირი, მთაში შესაძლებელი, ინფრასტრუქტურით. ბატონი, რომელიც ადგილობრივ დიალექტზე ღვთისშვილადაც ან ჯვარად იწოდება, საზოგადოების მფარველია, საზოგადოების თითოეული წევრი კი – ყმა. ეს ტერმინი, რომელიც ფეოდალური ურთიერთობებიდან არის ნასესხები, ორ რამეს ნიშნავს: ყმას, როგორც დამორჩილებულს, რელიგიური მნიშვნელობით, და ყ(რ)მას, როგორც მფარველობაში მყოფს. ორივე ეს სტატუსი ყმისა – მორჩილება და მფარველობაში ყოფნა – რელიგიური აზრის შემცველია. ყმა მორჩილებს ღვთისშვილს და, იმავდროულად, მისი მფარველობის ქვეშაა. აი, ამგვარი სტატუსის მატარებელ ყმათა გაერთიანებაა საყმო, როგორც უფრო მაღალი სტატუსის მქონე საფეხური. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საზოგადოებებში თითოეული ადამიანი რომელიმე ღვთისშვილის ანუ ჯვარის ყმაა, სხვანაირად ის დაკარგულია, როგორც ბოგანო, როგორც ძველი რომის პლებსი, რომელიც მოკლებულია წინაპართა რელიგიას და კულტის გარეშე დგას. ამრიგად, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ საყმო შედგება პატრიციებისგან ანუ იმათგან, ვინც იცის მამების გზა და მონაწილეობს მამათა კულტში.

რას წარმოადგენს საყმოს ბატონი, ღვთისშვილი, ჯვარი? ეს უკანასკნელი სახელწოდება არაორაზროვნად ამხელს თავის ქრისტიანულ წარმომავლობას. ამ ზოგად სახელწოდებათა უკან კონკრეტული საყმო ხედავს კონკრეტულ წმიდანს – წმიდა გიორგის, ღვთისმშობელს ან მთავარანგელოზ მიქაელს, რომელთა საეკლესიო წარმომავლობა, აგრეთვე, უეჭველია. მათი სახელების ძლიერი ტაბუირების მიზეზით, განსაკუთრებით ეს წმინდა გიორგის სახელზე ითქმის, საკულტო ტექსტებში გამოყენებულია „ფსევდონიმები“ – კოპალა და იახსარი. პირველი ქართული სიტყვაა და კოპალის ანუ კომბლის (ლახტის) მპყრობელს ნიშნავს, მეორე ოსურია და „ძლიერს“ ნიშნავს. თითოეული საყმო ეყმობა ერთ რომელიმე ღვთისშვილს, რომელიც მორიგე ღმერთმა ჩამოგზავნა დედამიწაზე მათთვის დევებისა და სხვა ავსულების მოსაგერიებლად. მათვე მოუპოვეს საყმოებს ტერიტორია, რომელიც ადრე ადამიანების მეზობლად დევებს ეჭირათ. ტერიტორიის მოპოვებასთან, ანუ დევების განდევნასთან ერთად არსდება საყმო ანუ რელიგიური თემი თავისი სალოცავით (ჯვრით) და მისი ატრიბუტებით (საკულტო შენობები, კულტმსახურები, კულტმსახურების წესები, დღეობები და სხვ.). უნდა შევნიშნოთ, რომ ჯვარი ფშავხვსურულ დიალექტზე ერთსა და იმავე დროს ნიშნავს როგორც მფარველ ღვთისშვილს, ასევე იმ არეს, სადაც დაარსებულია მისი სალოცავი.უკეთ რომ წარმოვიდგინოთ საყმოს, ანუ რელიგიური თემის სტრუქტურა, მივმართოთ კონკრეტულ საზოგადოებას, კერძოდ, ფშავისხევს, რომელიც მდებარეობს ფშავის არაგვის ხეობაში, მისი ზემოდინების გაყოლებით, ორწყლიდან ბოთანისწყლამდე.
როგორც სოფელი, სადაც დგას, დავუშვათ, წმ. გიორგის ან წმ. ბარბარეს ეკლესიები (ან ორივე ერთად) და სოფელი შემოკრებილია ამ ეკლესიების გარშემო, იგი არის მისი ეთნიკურ-რელიგიური და საზოგადოებრივი შუაგული, ასევე ფშავისხევის ერთი რომელიმე საყმო, ვთქვათ, გოგოლაურების თემი შემოკრებილია წმ. გიორგის (მთავარმოწამის) სალოცავის გარშემო, და სადაც არ უნდა იყვნენ გაფანტულნი (და დღეს ეს ასეა) თემის წევრები, აქ (ჯვრის კარზე) იკრიბებიან და ადასტურებენ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობას და უხილავი პატრონისადმი ერთგულებას (ლოიალობას). ფშავის თორმეტი საყმო წელიწადში ერთხელ იკრიბება ლაშარის ჯვარში, რომელიც აერთიანებს მათ. აქ თორმეტივე საყმო ადასტურებს ერთმანეთისადმი სოლიდარობას. რელიგიის სოციალური ასპექტი თავს იჩენს საზოგადოებრივი დანაწილების ყველა დონეზე. ეს დონეებია: საყმო, საყმოს შემდეგ მასში შემავალი სოფლები, სოფლებში – საგვარეულოები, საგვარეულოებში – ოჯახები. თითოეულ მათგანს თავისი სალოცავი აქვს, რომელიც შეიძლება იმავე წმ. გიორგის სახელს ატარებდეს, ოღონდ ზედწოდება სხვა იყოს. ასე რომ, საყმოს თითოეული სრულუფლებიანი წევრი ერთსა და იმავე დროს ეკუთვნის აქ ჩამოთვლილ დონეებს როგორც თითოეული მათგანის სალოცავის, ჯვარის ყმა, დაწყებული ოჯახიდან ლაშარის ჯვრით დამთავრებული. საბოლოო, ყველაზე მაღალი ინსტანცია, როგორც ითქვა, ლაშარის ჯვარია, რომელიც თორმეტი თემის შემკვრელი და გამაერთიანებელი.

განსხვავებული სტრუქტურა აქვს ხევსურეთის საყმოებს. აქ ვერ შევხვდებით ლაშარის ჯვრის ანალოგიურ საერთოხევსურულ ჯვარს. ხევსურეთში რამდენიმე რელიგიურ-საზოგადოებრივი ცენტრია, მათ შორის, ვაჟაფშაველას პოემების წყალობით, ყველაზე ცნობილი გუდანის ჯვარია, რომელიც თავის გარშემო სხვადასხვა სოფლებში განსახლებულ სამ გვარს (არაბულს, ჭინჭარაულს და გოგოჭურს) იკრებს. მიუხედავად სტრუქტურული განსხვავებისა, რაც მხოლოდ საყმოების ურთიერთობას და ჯვართან მათ მიმართებას ეხება, საკულტო-რიტუალური სისტემა მთელს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ერთია.

კულტმსახურების სათავეში დგას პირი, რომელიც სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელწოდებებით არის ცნობილი: ხუცესი, დეკანოზი, (ეს უკანასკნელი ყაზბეგის რომანების წყალობით გავრცელდა). მას ჯვარი მოითხოვს ჭაბუკობის ასაკიდან, მისი ლეგიტიმაციისთვის აუცილებელია მხარის განათვლა საკლავის სისხლით წელიწადში ცხრაჯერ. თვითნებურად დადგომა ხუცესად, მისი ფუნქციების უზურპაცია, დაუშვებელია. ჯვრისავე მოთხოვნით ან კენჭისყრით რიგითი ყმა ხდება დასტური, დაბალი რანგის ფუნქციონერი, ხუცესის დამხმარე კულტ-მსახურებისას (რაც ქრისტიანულ ეკლესიაში დიაკვანს შეესაბამება). სტატუსით მასზე დაბალია შულტა, რომლის სამსახური ტექნიკური ხასიათისაა და ამიტომაც არ მოითხოვს იმ სიწმიდის დაცვას, რომელიც ჯერ ხუცესს და მერე დასტურს ევალება კულტმსახურებისას. ჯვარივე ირჩევს მისი წმიდა ჭურჭლის (თასგანძის, ადგილობრივი ტერმინოლოგიით) და ინვენტარის (მაგ., დროშის) შემნახველს და მატარებელს (მეგანძური, მედროშე). ყველაზე მაღალი რანგის სამსახურია ქადაგობა. რიგითი ჯვარის მოწოდებით ხდება ქადაგი, რომლის მოწოდება საყმოსთვის ჯვარის ნების გაცხადებაა, ამიტომაც არის მისი სტატუსი ხუცესისაზე მაღალი.

კულტმსახურების დაწყებამდე, დღესასწაულის მოახლოების პერიოდში, ხუცესი წმიდად ინახავს თავს (წმიდობს), იცავს აკრძალვებს, დადის გაუთელავი, თავისი საკუთარი ბილიკებით, ერიდება გარეშე ხალხთან ურთიერთობას ან განმარტოვდება სოფლიდან მოშორებით ქოხში, სადაც მას არასრულწლოვანი გოგონები უზიდავენ საკვებს. ჯვარში მისი ფუნქციაა საკლავის დაკვლა, რომელსაც წინ უძღვის სახუცო ტექსტების (ხუცობანი) წარმოთქმა, საყმოსგან შეწირული პირუტყვის დამწყალობნება, ჯვრისადმი თხოვნა, რომ მან მეოხება გაუწიოს მის კარზე შეკრებილ საყმოს (მლოცველს) მორიგე ღმერთის წინაშე. შესაწირავი პირუტყვი არის ხარი ან ცხვარი, არავითარ შემთხვევაში – თხა. ჯვარში მიაქვთ საგანგებოდ გამომცხვარი ქადები, რომელთა გასერვის შემდეგ ხუცესი მათ შეწირულად ჩათვლის. ეს არის უსისხლო მსხვერპლი, რომელიც, როგორც წესი, თან ახლავს სისხლიანს.

ხუცობანი წარმოითქმის ხუცესის მიერ საყმოს სახელით ანუ ამ დროს საყმო თავის სათხოვარს ხუცესის პირით გამოხატავს. ამრიგად, ხუცესი დგას საყმოსა და ჯვარს შორის. მას მიაქვს ჯვართან როგორც მსხვერპლი, ასევე სიტყვა. მიმართულება: ქვევიდან ზევით, ადამიანური სამყაროდან ჯვრის სამყაროსკენ. ქადაგის ფუნქცია საპირისპიროა. ქადაგის პირით ჯვარი მეტყველებს. ჯვარს ჩამოაქვს მორიგე ღმერთის გადაწყვეტილება: წყალობა ან რისხვა. ქადაგიც შუამავალია საყმოსა და ჯვარს შორის, მაგრამ მისი სიტყვის მიმართულება საპირისპიროა – ზემოდან ქვემოთ. ამის გამო ხუცობათა და ნაქადაგართა ტექსტები განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც შედგენილობით, სტრუქტურით, ასევე ენობრივად. ის, რასაც ამ რეგიონებში ჯვართენას უწოდებენ, არსებითად, ნაქადაგარის ენაა

წყარო: მომენტო მორი

Facebook Comments