რა მოხდა საფრანგეთში ქართველსა და ინგუშს შორის

0
6107
loading...

უცხოეთში მცხოვრები ქართველი, ზურაბ ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ინგუშების მიერ ქართველების მიმართ განსაკუთრებით თბილ დამოკიდებულებასა და ერთგულებაზე ყველას გვსმენია და ამასთან დაკავშირებთ ერთი ამბავი მინდა გავიხსენო: 2010 წელს საფრანგეთში (რუანში) სწავლის პერიოდში ჯგუფელებმა გადავწყვიტეთ ღამის კლუბში წავსულვიყავით, 7 თუ 8 ადამიანი ვიყავით ერთად. წავედით, რიგში დავდექით და ველოდებით ჩვენს რიგს. მე გვერდზე ჩემი რუსი ჯგუფელი მედგა და ერთმანეთში რუსულად ვსაუბრობდით. ამასობაში ჩვენი რიგიც მოვიდა და უცებ დაცვის თანამშრომელი მეკითხება რუსულად:
– ქართველი ხარ? (გაიგონა, რომ რუსულად ვესაუბრებოდი მეგობარს და ამიტომაც მკითხა რუსულად)
– კი, ქართველი ვარ.
– სვანი ხარ? ( ამ კითხვის გარდა ყველაფერს ველოდი. საფრანგეთში, რუანში, ღამის კლუბში დაცვა მეკითხება – სვანი ხარო? :)) მიმოვიხედე დაბნეულმა, ფარული კამერაა თუ რა ხდება, ამან საიდან იცის მე ვინ ვარ და საიდან, თან მეცინება.
– კი სვანი ვარ და შენ საიდან იცი?
– არა, არ ვიცი, უბრალოდ გკითხე. მე ინგუში ვარ, ჰამზათი მქვია და სვანეთში სანადიროდ დავდიოდი, იქ მეგობრები მყავს, – გუჯეჯიანები.
– სასიამოვნოა, მე ზურაბი მქვია. ( ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს)
– ჩვენთანაც არის სახელი ზურაბი. ზურაბ, მისმინე, ჩვენთან, ინგუშეთში ჩვენი წინაპრები ასე გვასწავლიან, რომ ერთადერთი ერი, რომელსაც შეგიძლია ბოლომდე ენდო, სახლში ისე შეუშვა, რომ არაფერი ჰკითხო, ქართველია. ასე იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა და ასე ვიცით ჩვენც. დღეს შენ ჩათვალე, ჩემთან ხარ სახლში, ასე რომ მობრძანდი. (არც ფული გადამახდევინა და არც შემამოწმა , არა მხოლოდ მე, არამედ ყველა, მთელი 7თუ 8 ადამიანი ვინც მე მახლდა. შიგნით შესულებს კი ჰამზათისგან სასმელები მოგვიტანეს. )
დიდი მადლობა გადავუხადე, ჩავეხუტეთ ერთმანეთს. ვისაუბრეთ, ყველაფერი იცოდა თუ როგორ დაუთმეს ქართველებმა გადასახლებიდან დაბრუნებულ ინგუშებს მიწა და სახლები. უზომო სიყვარული და პატივისცემა მოდიოდა მისგან ჩემი, როგორც ქართველის მიმართ. მეც ჩემი მხრიდან როგორც შემეძლო მადლიერება გამოვხატე მისი და მთელი ინგუში ერის მიმართ. ემოციურად შევხვდით და ასევე ემოციურად დავშორდით ერთმანეთს. ამის მერე იმ კლუბში სულ ორჯერ ვიყავი, ჰამზათი ერთხელ ვნახე, იქაც იგივე განმეორდა. ბოლოს თვითონ იქ არ იყო, მაგრამ თავისი თანამშრომლებისთვის დაუბარებია ჩემზე, ამას არც გადაახდევინოთ და არც შეამოწმოთ ისე შეუშვითო ( დაცვის უფროსი იყო) . შემდეგ მე წამოვედი საფრანგეთიდან, მაგრამ ჩემი რამდენიმე მეგობარი ვინც მაშინ მახლდა და რუანში დარჩა, ისინი დაუმახსოვრებია და იმათაც ისე უშვებდა კლუბში.
ეს ამბავი სულ მახსოვს და მეგობრებთან არა ერთხელ მაქვს მოყოლილი, მაგრამ დღეს ისევ გამახსენდა … გუშინ ჩემს ფრანგ მეგობარს ვესაუბრებოდი, რომელიც რუანში ცხოვრობს და რომელიც იქ იყო როცა ეს ამბავი გადამხდა. ბევრი რაღაც გავიხსენეთ, მათ შორის ესეც და ვუთხარი “ლა ლუნა”-ში თუ მოხვდები ჰამზათი მომიკითხეთქო. ჟანმა მითხრა, ჰამზათი გარდაიცვალაო……. გული ჩამწყდა.. არც მიკითხავს რატომ, როდის..
მშვიდობით, მეგობარო !
ასე იყო ეს…“

Facebook Comments